გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფთან ერთად განათლების კოალიციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა – გიორგი ამილახვარმა, ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, განათლების კოალიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

მინისტრისა და ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფის მიზანია, რომ განათლების რეფორმის პროცესში მაქსიმალურად ჩაერთოს ყველა ის ორგანიზაცია და ექსპერტი, რომელიც მრავალი წელია, განათლების სექტორში მოღვაწეობს და ამ კუთხით დიდი გამოცდილება აქვს დაგროვებული. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, მათ შორის მხარეებმა სკოლების ავტონომიურობა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწა, სახელმძღვანელოების ხარისხი, სასკოლო ინფრასტრუქტურა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს.
განათლების კოალიციის წარმომადგენლებმა გიორგი ამილახვარს აღნიშნული საკითხების შესახებ საკუთარი მოსაზრებები და იდეები გაუზიარეს. თავის მხრივ, მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი განათლების განვითარების კუთხით სამინისტროში მიმდინარე პროცესები გააცნო და რეფორმის განხორციელებაში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ფორმატში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები