ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამო, ღრმა შეშფოთებას გამოხატავს.

ასამბლეის მიერ გამოქვეყნებული დეკლარაცია ხაზს უსვამს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელების აუცილებლობას, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულად დაბრუნებას საკუთარ სახლებში და კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას.

დოკუმენტი ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად და ხაზს უსვამს, რომ საჭიროა გაგრძელდეს აქტიური ჩართულობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რეზოლუცია გმობს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, ძირითადი თავისუფლებებისა და უფლებების დარღვევას, ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმას, ასევე ორივე რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშნების მოსპობასა და შეცვლას, როგორც რუსეთის მუდმივი ოკუპაციისა და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის პირდაპირ შედეგს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები