ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ კი ტერორისტულ ორგანიზაციად დაასახელა, – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წევრმა, უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის მოადგილემ, ევგენია კრავჩუკმა განაცხადა.
„დღეს, ვანკუვერში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მუშაობა დასრულდა საბოლოო დეკლარაციის მიღებით, რომელშიც, ნათქვამია, რომ ტერორიზმი არის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. „ვაგნერ ჯგუფი“ რუსეთის მთავრობის სახელით შეიძლება სამართლიანად დავახასიათოთ, როგორც ტერორისტი“, – წერს კრავჩუკი სოციალურ ქსელში.
როგორც მან აღნიშნა, დეკლარაცია შეიცავს მოწოდებას წევრი ქვეყნებისთვის, გააძლიერონ საერთაშორისო ნორმები, „ვაგნერისა“ და რუსეთის ტერორისტულ ორგანიზაციად და სახელმწიფო სპონსორად აღიარებისა და პასუხისმგებლობისთვის.
კრავჩუკმა იმედი გამოთქვა, რომ ამის შემდეგ მრავალი ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატები, რუსეთს ტერორიზმის სპონსორად აღიარებს.
„პირველად ასეთი ფორმულირება საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურ დოკუმენტში არის დაფიქსირებული! სხვათა შორის, აშშ-ის კანონმდებლობაში, რომელიც ასევე არის ეუთოს წევრი, ცნობილია მსგავსი ტერმინი „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო“. იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება გახდება კატალიზატორი აგრესორი სახელმწიფოს ტერორიზმის სპონსორად აღიარებისთვის არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში“, – წერს კრავჩუკი.