საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ აჯანყების მცდელობამ რუსეთში არსებული რეჟიმის სისუსტე აჩვენა.
მისივე განცხადებით, რუსეთის ფედერაცია მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა.
ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის თქმით, რუსეთში აჯანყების მცდელობამ აჩვენა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულმა ომმა ვლადიმერ პუტინის რეჟიმი იმაზე მეტად დაასუსტა, ვიდრე ეს ადრე წარმოედგინათ და ასევე აჩვენა განხეთქილების სიღრმე რუსეთის არმიასა და სახელმწიფო აპარატში.
„პუტინმა შექმნა ურჩხული და ახლა ამ ურჩხულმა უკბინა. ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა დაქირავებულმა ჯგუფმა ცეცხლი გაუხსნა რეგულარულ სახელმწიფო ჯარს, ცხადყოფს პუტინის რუსეთის პათოლოგიის მასშტაბებს“, – აღნიშნა ბორელმა.
გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაშიც კი, ბორელი მიიჩნევს, რომ პუტინმა ავტორიტეტის სერიოზული დაკარგვა განიცადა, რაც მომავალზე რეალურ გავლენას მოახდენს.