იუსტიციის მინისტრი: დღეს მსჯავრდებულებს შეუძლიათ ციხეში დამზადებული ნივთების გაყიდვა, სწავლა ციფრული უნივერსიტეტის საშუალებით და იუსტიციის სახლების სერვისების მიღება

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულებისათვის შექმნილ პირობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სასჯელის მოხდას არავითარი კავშირი არ აქვს შურისძიებასთან:

„სასჯელის აღსრულება არ არის შურისძიება; შურისძიება იყო მსჯავრდებულ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში ადამიანები იხდიან სასჯელს, შეუძლიათ, ციხეში დამზადებული პროდუქცია გაყიდონ, შეგიძლიათ თქვენც, თუნდაც ონლაინ შეიძინოთ „რე-მარკეტის“ ვებგვერდზე, ასევე მათ შეუძლიათ, „ციფრული უნივერსიტეტის“ საშუალებით ისწავლონ საქართველოს უნივერსიტეტებში, სულ რამდენიმე დღის წინ კი გავხსენით იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში და სახელმწიფოს მომსახურებას იღებენ პატიმრები ადგილზე, საპატიმრო დაწესებულებიდან გაუსვლელად, წარმომადგენლის მეშვეობით. მათ შორის რესოციალიზაციის საკითხებზე ვატარებთ მსოფლიო კონგრესს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი ერთ წელზე მეტია, იმყოფება კლინიკაში და შექმნილი აქვს ყველა პირობა:

„ადამიანი ერთი წელი და ცოტა მეტი იმყოფება კლინიკაში, როდესაც ეს სჭირდება, შექმნილი აქვს ყველა პირობა, ეს თუ არის შურისძიება, ეს არის წარმოუდგენელი“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები