შალვა პაპუაშვილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ფრანსის დრუენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ფრანსის დრუენს მადლობა გადაუხადა ასამბლეის 48-ე სესიის ჩასატარებლად, საქართველოს მასპინძელ ქვეყნად შერჩევისთვის.

მისი თქმით, ამ ღონისძიების საქართველოში გამართვა კარგი შესაძლებლობაა ასამბლეის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად, კულტურული გაცვლებისა და ფრანგული ენის პოპულარიზაციის ხელშესაწყობად.

„შალვა პაპუაშვილმა, ასევე მადლიერება გამოხატა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე ისაუბრეს რუსეთის ომზე უკრაინაში და, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

შეხვედრას, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი ესწრებოდა.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) 48-ე სესია ბიუროს სხდომით დღეს გაიხსნა და 8 ივლისამდე გაგრძელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები