POLITICO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, თამბაქოსა და კვების გიგანტებმა რუსეთში მილიარდობით დოლარი გამოიმუშავეს
მსხვილმა საერთაშორისო კორპორაციებმა, რომლებიც რუსეთში უკრაინაში შეჭრის შემდეგ დარჩნენ, მათ შორის, Philip Morris-მა და Danone-მა, გასულ წელს რუსეთში ასობით მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა POLITICO კიევის ეკონომიკის სკოლის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვალში, ათობით საერთაშორისო კომპანიამ თავისი რეპუტაციის ან ბიზნესის დასაცავად რუსეთი დატოვა, თუმცა იმ კომპანიებმა, რომლებიც დარჩნენ, მილიარდობით დოლარი შეიტანეს რუსეთის ბიუჯეტში გადასახადების სახით.
ანგარიშის მიხედვით, თამბაქოსა და კვების ინდუსტრიის ამერიკულმა და ევროპულმა გლობალურმა კორპორაციებმა 2022 წელს 214 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღეს მხოლოდ მათი რუსული ბიზნესის მეშვეობით და რუსეთის ბიუჯეტს საერთო ჯამში 3.5 მილიარდი დოლარი გადაუხადეს.
გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლის უმეტესი ნაწილი აშშ-ში დაფუძნებულ კომპანიებზე მოდიოდა, ევროკავშირის კომპანიებმა 2022 წელს მაინც გამოიმუშავეს დაახლოებით 75.2 მილიარდი დოლარი და რუსეთის ბიუჯეტში გადასახადების სახით თითქმის 600 მილიონი დოლარი შეიტანეს.
კვლევის თანახმად, თამბაქოს კომპანია Philip Morris-მა ყველაზე მეტი შემოსავალი შარშან – 7.9 მილიარდი დოლარი მიიღო და რუსეთის მთავრობას გადასახადების სახით 206 მილიონი დოლარი გადაუხადა.
რაც შეეხება კომპანია Danone-ს, მისმა შემოსავალმა რუსეთში დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო Pepsi-მ 4.6 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.