გურამ მაჭარაშვილი: თუ დასავლეთი ამბობს, რომ დღეს მას სურს, საქართველოში იყოს პროდასავლური, ანტირუსული და ანტისაოკუპაციო პროპაგანდა, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება როგორი უნდა იყოს, რუსეთს რომ გაუხარდება, თუ საქართველოს?

„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, მაგრამ თუ გადაწყვეტილებას რუსეთის სასარგებლოდ და საქართველოს საწინააღმდეგოდ მიიღებენ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ევროკავშირის კიდევ ერთი არასწორი და არასამართლიანი გადაწყვეტილება“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციისთვის, ახლა კი ჯერი ევროკავშირზეა, ვის სასარგებლოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას – რუსეთის, თუ საქართველოს.

„ყველამ კარგად იცის და დღესაც დადასტურდა ირაკლი კობახიძის ბრიფინგზე, რომ ჩვენი მხრიდან საჯაროდ, პირდაპირ ეთერში არის გადაცემული, რომ ამ რეკომენდაციებიდან შესრულებულია მაქსიმალური, რაც შეიძლებოდა, რომ გაკეთებულიყო და ამის შემდეგაც ასე გაგრძელდება.

ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ და თებერვალში კომისიის გადაწყვეტილების დასკვნა რომ გამოვიდა, იქაც კი პირველ ადგილზე ვართ ასოცირებულ ტრიოში. მაგრამ თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას რუსეთის სასარგებლოდ და საქართველოს საწინააღმდეგოდ მიიღებენ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ევროკავშირის კიდევ ერთი არასწორი და არასამართლიანი გადაწყვეტილება. მარტივი მოცემულობაა: თუ დასავლეთი ამბობს, რომ დღეს მას სურს, საქართველოში იყოს პროდასავლური, ანტირუსული და ანტისაოკუპაციო პროპაგანდა, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება როგორი უნდა იყოს, რუსეთს რომ გაუხარდება, თუ საქართველოს?

გადაწყვეტილება უნდა იყოს ისეთი, რუსეთს რომ გაუხარდება და ექნება სათქმელი, აი, ბატონო, ამდენი ხანია იღწვით, მაგრამ არ დააფასეს თქვენი ღვაწლი და მაინც არ მოგანიჭეს კანდიდატის სტატუსიო, თუ ისეთი, საქართველოს რომ გაუხარდება და იტყვის: დიახ, ჩვენი სვლა ევროინტეგრაციისკენ კიდევ ერთხელ დაფასდაო?

საზოგადოება ხედავს, ჩვენ რა გავაკეთეთ ევროინტეგრაციისთვის და იმასაც დაინახავს, ევროკავშირი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, რუსეთის სასარგებლოს, თუ საქართველოს სასარგებლოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები