ჩეხური ორგანიზაციის დირექტორთან „People in Need”, ხატია წილოსანმა საკანონმდებლო ცვლილებები, საგადასახადო და სოციალური შეღავათების საკითხები განიხილა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა ჩეხური ორგანიზაციის – „People in Need” დირექტორთან სოფია ჯანჯუასთან შეხვედრაზე „სურსათის დანაკარგების, მისი ნარჩენების შემცირების და შეწირულობის შესახებ” კანონპროექტის საკითხები განიხილა. იმსჯელეს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, საგადასახადო და სოციალურ შეღავათებზე, რომელსაც კანონპროექტი ადგენს.
„ორგანიზაცია ევროკავშირთან თანამშრომლობით და კერძო სექტორის ჩართულობით აპირებს, რომ მონაწილეობა მიიღოს იმ ინიციატივებში, რომელიც ქვეყანაში სურსათის ბანკების შექმნას უკავშირდება. საუბარია სასურსათო უსაფრთხოების გათვალისწინებით და უვნებლობის პარამეტრების დაცვით სურსათის მიწოდებაზე იმ ადამიანებისთვის, ვინც ამას საჭიროებს. ორგანიზაცია საპილოტე რეგიონად წყალტუბოს მუნიციპალიტეტს განიხილავს, სადაც შესაბამის პროექტს განახორციელებს”, – განაცხადა ხატია წილოსანმა.
კანონპროექტის სამივე მოსმენით მიღება საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.