ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) 48-ე სესია ბიუროს სხდომით დაიწყო

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) 48-ე სესია ბიუროს სხდომით დღეს გაიხსნა და 8 ივლისამდე გაგრძელდება.

პარლამენტის ინფორმაციით, ბიუროს სხდომა, სადაც ასამბლეის მუშაობის დღის წესრიგი განისაზღვრა, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ფრანსის დრუენმა გახსნა.

ბიუროს წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით სონღულაშვილმა.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლო საქართველოში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიას. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მდიდარია კულტურითა და ტრადიციებით. ქართველი ხალხი განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მეგობრობის ტრადიციებს, რამაც საშუალება მოგვცა, გაგვეძლიერებინა ჩვენი თანამშრომლობა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასთან და წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაგვეღრმავებინა მეგობრობა ასამბლეის წევრებთან. ჩვენთვის, როგორც პატარა ფრანკოფონი ქვეყნისთვის, ნდობაზე დაფუძნებული ერთიანობა, ურთიერთგაგება და თანამშრომლობა ფუნდამენტური ღირებულებებია”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ამ სესიაზე განიხილება ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის სტატუსის შეცვლის საკითხი, რაც არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო დადებით მუხტს შესძენს და ფრანკოფონიის საკითხებში საქართველოს მეტ ჩართულობას განაპირობებს.

„მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა გექნებათ ადგილზე, თქვენივე თვალით იხილოთ საქართველოს პროგრესი და მოსინჯოთ ხალხთაშორისი კონტაქტების შესაძლებლობები. რაც შეეხება სესიას და სამუშაო პროცესს, ნამდვილად დიდი პატივია, რომ სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ სტუმარი ფრანკოფონი ქვეყნებისა და საქართველოს მაღალი თანამდებობის პირები. დიდი მადლობა ყველას ამ მაღალი ინტერესისა და ჩართულობისთვის”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ხვალ, ახალგაზრდა პარლამენტართა და ქალ პარლამენტართა ქსელების შეხვედრები გაიმართება. ხვალვე, ასამბლეის ბიუროს წევრები სოფ. ოძისში გაემგზავრებიან და საოკუპაციო ზოლს მოინახულებენ. 6 ივლისს საკომიტეტო სხდომები გაიმართება ხოლო, 7 ივლისს 48-ე პლენარული სესია საზეიმოდ გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები