ავღანეთში ქალის სილამაზის სალონები აკრძალეს
“თალიბანის” მთავრობამ ქაბულსა და ავღანეთის პროვინციებში ქალის სილამაზის სალონები აკრძალა.
ამის შესახებ TOLO News-ს “თალიბანის” მთავრობის მანკიერებისა და სათნოების სამინისტროს სპიკერმა, მოჰამად აკიფ მაჰაჰარმა განუცხადა.
გარდა ამისა, განკარგულებით, ქაბულის მუნიციპალიტეტს დაევალა ახალი ბრძანებულების აღსრულება და ქალთა სილამაზის სალონების ლიცენზიები გააუქმოს.
„მამაკაცები უმუშევრები არიან. როდესაც მამაკაცები ვერ ზრუნავენ თავიანთ ოჯახზე, ქალები იძულებულნი არიან, იმუშაონ სილამაზის სალონებში, რომ პური იშოვონ. თუ აკრძალავენ, რა უნდა ვქნათ?”, – ამბობს TOLO News-თან ერთ-ერთი ვიზაჟისტი.
მანამდე, ავღანელ ქალებს და გოგონებს სკოლაში, უნივერსიტეტებში სიარული და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობა აეკრძალათ, ასევე, მათთვის დაუშვებელია ისეთი საჯარო ადგილების მონახულება, როგორიცაა პარკები, კინოთეატრები და დასვენების სხვა ადგილები.