ზელენსკი ბაიდენს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიიწვიოს უკრაინა ნატოში, მაშინაც კი, თუ ომის პირობებში ალიანსში ქვეყნის მიღება ვერ მოხდება.

ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში თქვა.

„ის მხარს უჭერს, რომ ჩვენ მომავალში ნატოში ვიყოთ. სწორედ ახლა ალიანსში ოფიციალური მიწვევაა საჭირო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – ციტირებს CNN-ი ზელენსკის ინტერვიუს, რომლის სრული ვერსია ეთერში 5 ივლისის საღამოს გავა.

ზელენსკის თქმით, სწორედ აშშ-ის ლიდერია ის ადამიანი, ვისაც შეუძლია და უნდა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება.

როგორც უკრაინის ლიდერმა თქვა, ესმის, რომ რეალურად უკრაინა ვერ შეძლებს ალიანსში გაწევრიანებას, სანამ ომი გრძელდება – მაგრამ მოწვევა იქნება “ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი”.

11-12 ივლისს ვილნიუსი ნატოს სამიტს უმასპინძლებს, სადაც ალიანსის ქვეყნები განიხილავენ, თუ როგორ შეძლებენ მომავალში უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. უკრაინას ოფიციალური მოწვევა ჯერ არ მიუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები