„ტერორიზმის მხარდაჭერით ჩვენს მეგობრობას ვერავინ მოიპოვებს“ – ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთს ნატოში შვედეთის გაწევრიანებაზე პოზიცია არ შეუცვლია

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის მზად შვედეთის ნატოში წევრობის რატიფიცირებისთვის.

მისი თქმით, სტოკჰოლმს უფრო მეტი მუშაობა მოუწევს „საშინაო დავალებაზე“, რომელიც უნდა შეასრულოს.

მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ, ერდოღანმა ასევე დაგმო შვედეთში გასულ კვირას ჩატარებული საპროტესტო აქცია, სადაც ყურანი დაწვეს.

თურქეთის ლიდერის შეფასებით, აღნიშნული ქმედება მუსლიმების წინააღმდეგ სიძულვილის დანაშაულია.

„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ შეუპოვარი ბრძოლა ტერორისტულ ორგანიზაციებთან და ისლამოფობიასთან – ჩვენი წითელი ხაზია. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ თურქეთთან მეგობრობას ტერორიზმის მხარდაჭერით ან ტერორისტებისთვის სივრცის შექმნით ვერავინ მოიპოვებს. ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ მკაფიო პოზიცია დავანახეთ. ჩვენ იმავე პრინციპებზე ვდგავართ, რაზეც ერთი წლის წინ. ჩვენს წმინდა ყურანზე ლაჩრულმა თავდასხმამ შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ყველა გაგვაბრაზა. ეს სიძულვილის დანაშაულია, რომელსაც ისლამოფობია აძლიერებს“, – განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 მარტს თურქეთმა ნატოში ფინეთის გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, თუმცა შვედეთთან დაკავშირებით ოფიციალური ანკარა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ მადრიდის მემორანდუმის ყველა დებულების შესრულებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები