ივანე ჩხაიძის განცხადებით, აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლი სავარაუდოდ, 15-20 ივლისისთვის დამტკიცდება
აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლი სავარაუდოდ, 15-20 ივლისს დამტკიცდება.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იყო პროტოკოლის საბოლოო ვერსია და ის შენიშვნები, რაც იყო მიღებული ექსპერტებისგან, რეცენზენტებისგან პროტოკოლის ცალკეულ დებულებებთან დაკავშირებით.
„ჩვენ ალბათ, უკვე უახლოეს დღეებში გვექნება ეროვნული პროტოკოლის საბოლოო ვერსია და შემდეგი ეტაპი არის ამ პროტოკოლის განხილვა და დამტკიცება გაიდლაინებისა და პროტოკოლის ეროვნულ საბჭოზე. მოსალოდნელია, რომ ეს პროცესი, როგორც დღეს აღინიშნა, უახლოესი კვირის ან ორი კვირის განმავლობაში დასრულდება და გაიდლაინების საბჭო საბოლოოდ დაამტკიცებს პროტოკოლის იმ ვერსიას, რომელიც შემდეგ უნდა იყოს ხელმოწერილი ჯანდაცვის მინისტრის მიერ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პროტოკოლის ამ ვერსიას განიხილავს ექსპერტი და საბოლოო ჯამში, ამ პროტოკოლს ექნება როგორც სამუშაო ჯგუფის, ისე ქართველი და უცხოელი ექსპერტების შეფასება, რაც იქნება, ალბათ, უკვე საბოლოო შესაძლებლობა იმისა, რომ მივიღოთ ყოველმხრივ შეფასებული და ლიცენზირებული ეროვნული პროტოკოლი. თარიღებს რაც შეეხება, კონკრეტული ვადა არ იყო დასახელებული. წინასწარი მოლოდინია, რომ 15-20 ივლისისთვის უკვე იქნება პროტოკოლი გატანილი და მიღებული გაიდლაინების ეროვნულ საბჭოზე“, – განაცხადა ჩხაიძემ.