გიორგი ამილახვარმა კელი დეგნანთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე – ქრისტოფერ ანდერსონი და USAID-ის პროგრამების მენეჯერი – მარინა ქუთათელაძე ესწრებოდნენ.
მხარეებმა მიმოიხილეს ყველა ის პროექტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოში მიმდინარეობს და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს. გიორგი ამილახვარმა კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად ამერიკული მხარის მიერ გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე მრავალი წელია საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით მასშტაბური ინიციატივებს ახორციელებს. თავის მხრივ, კელი დეგნანმა მადლობა გადაუხადა პირადად გიორგი ამილახვარს და სამინისტროს სრულ შემადგენლობას სამაგალითო თანამშრომლობისთვის და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაზე ზრუნვას და ამ მიმართულებით სამინისტროსთან მჭიდრო პარტნიორობას.