აჭარის მთავრობა 413 ოჯახს ფულადი კომპენსაციით დაეხმარება
აჭარის მთავრობა ქედის მუნიციპალიტეტში მცოხვრებ 258 ოჯახს, სეტყვისა და შტორმული ქარის შედეგად ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების გამო მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებს. ფულად კომპენსაციას ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 155 ოჯახიც მიიღებს, რომლებსაც სტიქიამ ნარგავები 5 ივნისს გაუნადგურა. დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის საკითხი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიამ განიხილა.
მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მოსახლეობას კომპენსაციის სახით 222 373 ლარი გამოიყოფა. სხდომაზე სამთავრობო კომისიის წევრებმა მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში ატმოსფერული ნალექის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზების აღდგენაზეც იმსჯელეს და აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს მიეცა რეკომენდაცია, გამოიყენოს 235 000 ლარი დაზიანებული გზების აღსადგენად. სხდომაზე ასევე განიხილეს სტიქიის შედეგად დაზარალებული 3 ოჯახისათვის ფულადი დახმარების საკითხი, თანხამ 26 730 ლარი შეადგინა. სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია, დასამტკიცებლად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.