„თამბაქოს კონტროლის ცენტრი”: კვლევები აჩვენებს, რომ თამბაქოს ახალი პროდუქტები არათუ ნაკლები ზიანის შემცველი, არამედ რაღაც ასპექტში უფრო საშიში და სხვადასხვა ზიანის გამომწვევია
„თამბაქოს კონტროლის ცენტრის“ დირექტორის, გიორგი მაღრაძის განცხადებით, თამბაქოს ინდუსტრია თამბაქოს ახალი პროდუქტების პოპულარიზაციას იმ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, რომლის თანახმადაც, თითქოს, თამბაქოს ახალი პროდუქტები ჯანმრთელობისთვის ნაკლები ზიანის მომტანია.
როგორც მაღრაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ აღნიშნული პროდუქტები არათუ ნაკლები ზიანის შემცველი, არამედ რაღაც ასპექტში უფრო საშიში და სხვადასხვა ზიანის გამომწვევია.
“თამბაქოს კონტროლის” კანონით თამბაქოს პროდუქციის ნებისმიერი სახით რეკლამირება და პოპულარიზაცია აიკრძალა. თამბაქოს ინდუსტრია მუდმივად ცდილობს, რაღაც გზების მოძებნოს იმისთვის, რომ თავისი პროდუქციის პოპულარიზაცია მოახდინოს. სპეციალური შეხვედრებს მართავენ ექიმებთან, სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან, რათა მათ შემდეგ ინფორმაცია თავიანთ სამიზნე აუდიტორიაში გაავრცელონ. მაგალითად, სტომატოლოგებთან შეხვედრებს ატარებენ, რომ შემდეგ მათ პაციენტებს ურჩიონ, თამბაქოს ახალი პროდუქტი მოიხმარონ, რომელიც, თითქოს, ნაკლები ზიანის შემცველია.
თამბაქოს ინდუსტრია ამ ფრაზით არის წარმოდგენილი: თითქოს, ზიანის შემცირების სტრატეგიები შეიმუშავეს, თითქოს, თამბაქოს ახალი პროდუქტები, გასახურებელი თამბაქო, ელექტროსიგარეტი ჯანმრთელობისთვის ნაკლები ზიანის მომტანია. არადა, თანამედროვე კვლევები აჩვენებენ, რომ ეს პროდუქტები არათუ ნაკლები ზიანის შემცველი, არამედ რაღაც ასპექტში უფრო საშიში და სხვადასხვა ზიანის გამომწვევია. აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ხელით აკეთებენ. ასეთ შეხვედრებზე სპიკერები ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არიან ხოლმე. მაგალითად, ანდრია ურუშაძე. ჩვენს ყველა კოლეგას, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს მოვუწოდებთ, არ ჩაერთონ ამ რაღაც მიუღებელ, ამაზრზენ მარათონში”, – განაცხადა მაღრაძემ.