„თამბაქოს კონტროლის ცენტრი”: მონიტორებმა კვების ობიექტები გამოავლინეს, სადაც მოწევის რეგულაციებისთვის თავის არიდებას შესაბამისი აბრების ჩამოხსნით ცდილობენ

„თამბაქოს კონტროლის ცენტრის“ დირექტორის, გიორგი მაღრაძის განცხადებით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლისას მონიტორებმა რამდენიმე კვების ობიექტი გამოავლინეს, რომლის შენობებზე შესაბამისი აბრები ჩამოხსნილი იყო, თუმცა, სტუმრებს ჩვეულებრივ მასპინძლობდნენ და თამბაქოს სხვადასხვა პროდუქტს მოიხმარდნენ. ამის შესახებ მაღრაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ობიექტის მფლობელები ამ გზით მოწევის რეგულაციების დაცვას არიდებენ თავს.

“თამბაქოს კონტროლის კანონის” აღსრულებაზე მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება, სხვადასხვა ქალაქში ჩვენი მონიტორები აკვირდებიან, თუ რა მდგომარეობაა აღსრულების კუთხით.
ახლა გვინდა, ყურადღება საკმაოდ საინტერესო დაკვირვებასა და ფაქტზე გავამახვილოთ, რაც ბათუმში დაფიქსირდა, ეს ეხება იმას, რომ გარკვეული ობიექტებმა გადაწყვიტეს, აბრების ჩამოხსნით საქმისთვის ისეთი მიმდინარეობა მიეცათ, რომ, თითქოს, ეს არ არის კვების, საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტი და კერძო საკუთრებაა, სახლია, სადაც ახლობლები არიან შეკრებილები. ასეთ კაფეში ადრე ჩილიმის, სიგარეტის მოხმარების ფაქტები რამდენჯერმე დავაფიქსირეთ და ობიექტი დაჯარიმდა. შემდეგ, განმეორებითი მონიტორინგის დროს აბრა ჩამოხსნილი დაგვხვდა, მენეჯერი აცხადებდა, რომ ეს ფართი უბრალოდ დაქირავებული აქვს და მისი ახლობლები არიან შეკრებილები. მენეჯერი ამბობდა, არ გვაქვს ვალდებულება, “თამბაქოს კონტროლის კანონი” დავიცვათო. მენეჯმენტი რუსული წარმომავლობის იყო. თავიდან მონიტორმა კანონის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, შემდეგ რამდენჯერმე დაჯარიმება მოხდა, ამის შემდეგ კი ასეთი მეთოდი მოიფიქრეს: თუ აბრას ჩამოხსნიდნენ, ჯარიმებს თავს აარიდებნენ. ჩვენ ამაზე ყურადღებას ვამახვილებთ, რათა აქ სხვადასხვა აღმასრულებელი კომპლექსურად ჩაერთოს. იგივე შემოსავლების სამსახურმაც უნდა მიაქციოს ყურადღება, რათა გადასახადებისთვის თავის არიდება არ მოხდეს.

ასეთი შემთხვევები, საბედნიეროდ, ბევრი არ არის, ერთეულია. ჩვენი მონიტორები როდესაც ამ ვითარებას აკვირდებიან, აღნიშნავენ, რომ ასეთი ტენდენციებია და სათანადო რეაქცია ამიტომ გვაქვს. ვცდილობთ, ასეთი შემთხვევების აღმოფხვრა დასაწყისშივე მოხდეს.
კანონის აღსრულების ზოგადი მდგომარეობა დაახლოებით ერთ დონეზე ნარჩუნდება. დარღვევის მაჩვენებელი მაღალი არ არის. აღსრულება საკმაოდ მაღალ დონეზეა. საყურადღებო ტენდენციებია ის, რომ უფრო მეტად დარღვევები გვიან ღამით, 23:00 – 00:00 საათის შემდეგ შეინიშნება, უფრო კლუბური ტიპის დაწესებულებებში”, – განაცხადა მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები