გია ვოლსკი: ევროკავშირს ახასიათებს შიდა მიგრაცია და ჩვენ არ ვართ მოწყვეტილი ევროკავშირისგან

ევროკავშირს ახასიათებს შიდა მიგრაცია და ჩვენ არ ვართ მოწყვეტილი ევროკავშირისგან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ „ევროოპტიმისტების“ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

„მიგრაციის საკითხზე არ არის ისეთი სტატისტიკა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ყოფილ წარმომადგენლებს მოჰყავთ და ისინი დღესაც ამ პარტიის პათოსით ლაპარაკობენ. არის გადინება არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ ევროკავშირს ახასიათებს შიდა მიგრაცია და ჩვენ არ ვართ მოწყვეტილი ევროკავშირისგან. ჩვენი საზოგადოება ევროპის მიმართულებით თავისუფლად გადაადგილდება და სტატისტიკა და ბალანსი გადასამოწმებელია, მით უმეტეს, თუ ამას რადიკალური ოპოზიცია ამბობს. რა საკვირველია, ადამიანთა გარკვეული რაოდენობა საზღვარგარეთ უკეთეს სამუშაო პირობებს ეძებს და უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ტრაგიკული არ იქნება ქვეყნისთვის, თუ ეს ადამიანები მეტი გამოცდილებით საქართველოს დაუბრუნდებიან. თუ ეს ადრე პრობლემა იყო, როცა ადამიანები უკანმოუხედავად გარბოდნენ იმ სადისტური რეჟიმისგან თავდასაცავად, რომელიც ჩამოყალიბდა მათ შორის, ხატია დეკანოიძის მონაწილეობით, ახლა დღეს სხვანაირი მდგომარეობაა. მათ მიერ მოყვანილი სტატისტიკა არაა სწორი, რეალურად სხვა სურათია. საქართველოში სამუშაო ადგილები იქმნება, ბევრია დასაქმებულის რაოდენობა, ვინც ამის პერსპექტივას ვერ ხედავდა. ვფიქრობ, რომ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იქნება უახლოეს პერიოდში“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ დღეს განაცხადეს, საქართველოში მიგრაციული პროცესები საგანგაშო სახეს იღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები