საფრანგეთში გვიან ღამით არეულობის დროს კიდევ 157 ადამიანია დაკავებული.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ეს იმაზე ბევრად დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე წინა პერიოდში იყო, რაც შეიძლება, მიანიშნებდეს იმაზე, რომ მუხტი ნელ-ნელა ცხრება.
BFM-TV შსს-ს მონაცემზე დაყრდნობით იტყობინება, რომ “ღამით 157 ადამიანი დააკავეს, წინა დღეს 700-ზე მეტი და შაბათს ღამით 1300-ზე მეტი”.
ასევე, არეულობის დროს 3 სამართალდამცველი დაშავდა. წესრიგს 45 ათასზე მეტი ძალოვანი იცავდა.
წინასწარი მონაცემებით, გზებზე 352 ხანძარი გაჩნდა, 297 სატრანსპორტო საშუალებას გაუჩნდა ცეცხლი და 34 შენობას.
ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გვიან ღამით პრემიერსა და პროფილური სამინისტროების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.
დღეს ის ეროვნული ასამბლეის სპიკერ (პარლამენტის ქვედა პალატა) იელ ბრონ-პივეს და სენატის (ზედა პალატის) ხელმძღვანელ ჟერარ ლარშეს მიიღებს.
4 ივლისს საფრანგეთის პრეზიდენტი არეულობის შედეგად დაზარალებული კომუნების მერებს შეხვდება.
მთავრობის წევრებს მან დაავალა, რომ იყოს დაწყებული “შრომატევადი და გრძელვადიანი სამუშაო, რათა გავიგოთ ის სიღრმისეული მიზეზები, რამაც გამოიწვია ბოლო მოვლენები”.