საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში გვიან საღამოს ქვეყნის პრემიერმინისტრთან, ელიზაბეთ ბორნთან და შვიდ მინისტრთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
ელისეის სასახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტს სურს, “დაიწყოს შრომატევადი და გრძელვადიანი სამუშაო, რათა გაიგოს ის სიღრმისეული მიზეზები, რამაც გამოიწვია ბოლო მოვლენები”.
“დასკვნების გამოტანამდე, მოვლენების კვალიფიცირება უნდა მოვახდინოთ”, – თქვა მან.
მაკრონმა სთხოვა მინისტრებს, „წესრიგის აღსადგენად და სიმშვიდის დასაბრუნებლად მუშაობა გააგრძელონ“.
მან ასევე “სთხოვა მთავრობას, გააგრძელოს გვერდში ყოფნა პოლიციასთან, ჟანდარმებთან, მაგისტრატებთან, კლერკებთან, მეხანძრეებთან, თანამდებობის პირებთან, რომლებსაც ბოლო ხუთი დღის განმავლობაში არ უძინიათ”.
Le Monde წერს, რომ დღეს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით ყველა მერიასთან მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
როგორც გამოცემას მთავრობაში წყარომ უთხრა, “ჯერ არ გამოვსულვართ ამ სიტუაციიდან და ყურადღება უნდა გავამახვილოთ მომავალ საათებზე. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ერის ერთიანობა”.
ასევე ცნობილია, რომ მომდევნო 48 საათში მაკრონი მინისტრთა კაბინეტს კიდევ ერთხელ შეხვდება.
4 ივლისს საფრანგეთის პრეზიდენტი არეულობის შედეგად დაზარალებული კომუნების მერებს შეხვდება.
გარდა ამისა, 3 ივლისს საფრანგეთის ლიდერი მიიღებს ეროვნული ასამბლეის სპიკერს (პარლამენტის ქვედა პალატა) იელ ბრონ-პივეს და სენატის (ზედა პალატის) ხელმძღვანელს, ჟერარ ლარშეს.
მესამე ღამეა, საფრანგეთში წესრიგს 45 ათასი პოლიციელი და ჟანდარმი აკონტროლებს.
შს მინისტრმა თანამშრომლებს მოუწოდა, მტკიცედ აღკვეთონ არეულობა და დაუყოვნებლად დააკავონ ხულიგნები.