CNN: თეთრი სახლი აღიარებს, რომ უკრაინის კონტრშეტევამ მოლოდინები არ გაამართლა, თუმცა პირობას დებს, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს
ბაიდენის ადმინისტრაციამ აღიარა, რომ უკრაინის კონტრშეტევის ადრეულმა ეტაპმა მოლოდინი არ გაამართლა, თუმცა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები უკრაინისათვის დახმარების გაწევას გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ, როგორც ვთქვი, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან. ჩვენ ვაგრძელებთ იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ მათ კონტრშეტევაში, იქნება ეს წვრთნებით ან დამატებითი შესაძლებლობების მიწოდებით და რა თქმა უნდა, რჩევებითა და ინფორმაციის გაზიარებით. ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას მაშინ, როდესაც ისინი მუშაობენ ამ შეტევით ოპერაციებზე, მაგრამ სად მიდიან და რამდენად სწრაფად მიდიან, ეს ნამდვილად მათი გადასაწყვეტია“, – განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.
კონტრშეტევაზე საუბრისას კირბიმ აღიარა, რომ უკრაინულმა ძალებმა „მიაღწიეს გარკვეულ პროგრესს და ისინი თავად საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს არ არის იმდენად დიდი, რამდენადაც მათ სურდათ, მაგრამ კვლავ, ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ ის, რაც მათ სჭირდებათ და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას“.