ზურაბ ჩიკვილაძე: ღვიძლის ტრანსპლანტაციის საქართველოს მასშტაბით სრულად დაფინანსება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც დღეს მივიღეთ
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მან ყურადღება ღვიძლის ტრანსპლანტაციის სრულად დაფინანსებაზე გაამახვილა.
„ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში უმნიშვნელოვანესია 34 არსებული მუნიციპალური პროგრამა/ქვეპროგრამა და მათ შორის ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა. მივესალმები დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლითაც სახელმწიფო დონეზეა უზრუნველყოფილი ამ ოპერაციის სრულად – 120000 ლარით – დაფინანსება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ოპერაციის რისკი და ცუდი შედეგი ნულამდეა დასული. ჩვენი მთავარი მიზანი მოქალაქეების კეთილდღეობაა“, – განაცხადა სხდომაზე თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველი ივლისიდან ღვიძლის ტრანსპლანტაცია 100%-ით დაფინანსდება მთელი საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, თბილისის მერიაც 100%-ით დააფინანსებს აღნიშნულ ოპერაციას. ამ ინიციატივით თბილისის მერია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას უერთდება.