“გამაღიზიანებელია, როდესაც ამბობენ, რომ კონტრშეტევა ნელია, ყოველი მეტრი ჩვენი სამხედრობის სისხლით არის მოპოვებული” – ზალუჟნი
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის მიწის თითოეული მეტრის დეოკუპაციის ფასი უკრაინელი სამხედროების სისხლია, ამიტომ, მისთვის გამაღიზიანებელია საუბრები, რომ კონტრშეტევა არც ისე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
ამის შესახებ მან Washington Post-თან ინტერვიუში თქვა.
სხვა საკითხებთან ერთან, ზალუჟნიმ თქვა, რომ სჭირდება “მეტი საბრძოლო მასალა. სამხედროებმა, სულ მცირე, იმდენი ჭურვი უნდა გაისროლონ, რამდენიც მტერმა. მაგრამ ზოგჯერ მტრის უპირატესობა ათჯერ აჭარბებს”.
“რამდენიმე “ლეოპარდის” ტანკია განადგურებული. ისინი აღლუმზე გამოსაჩენად ან პოლიტიკოსებისთვის, ან ცნობილი ადამიანებისთვის ფოტოების გადაღებისთვის კი არ მიგვიღია. ისინი აქ საბრძოლველად ჩამოიყვანეს. ბრძოლის ველზე “ლეოპარდი” – ლეოპარდი კი არა, სამიზნეა”, – თქვა მან.
გარდა ამისა, ზალუჟნი ამბობს, რომ „ნატოს თვითმფრინავების რაოდენობა, რომლებიც დასავლეთ საზღვრებთან არის განლაგებული, ორჯერ მეტია, ვიდრე რუსული თვითმფრინავების რაოდენობა, რომლებიც ჩვენს პოზიციებს ანადგურებენ. რატომ არ შეიძლება, მესამედი მაინც იყოს აქ გადმოსროლილი? 120 თვითმფრინავი არ მჭირდება. არ ვაპირებ, მთელ მსოფლიოს დავემუქრო. ძალიან შეზღუდული რაოდენობაც იქნებოდა საკმარისი. მაგრამ ისინი საჭიროა. იმიტომ, რომ სხვა გზა არ არის. რადგან მტერი სხვა თაობის თვითმფრინავებს იყენებს. “ვაგნერმა” დატოვა ფრონტის ხაზი, მაგრამ რუსეთის დაცვა ამის გამო არ შესუსტებულა. ატომურ დარტყმაზე ან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებაზე საუბრები არ მაჩერებს. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები”.