ბაღდადში პროტესტის მონაწილეები შვედეთის საელჩოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ

ბაღდადში ასობით პროტესტის მონაწილე შვედეთის საელჩოს ტერიტორიაზე შეიჭრა. აღნიშნულს წინ უძღოდა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მეჩეთის წინ გამართულ აქციაზე ერთ-ერთი მომიტინგის მიერ ყურანის დაწვა.

ერაყის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლები ერაყელი შიიტი სასულიერო პირის, მუქტადა ალ-სადრის ბრძანებით გაიმართა, რომელმაც ასევე მოითხოვა ბაღდადში შვედეთის ელჩის გაძევება.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ მომიტინგეები საელჩოს გარშემო აღმართულ ბარიკადებზე გადავიდნენ და შენობაში შევიდნენ.

ამ ეტაპზე, უცნობია საელჩოს შენობის რა ნაწილის დაკავება მოასწრეს აქციის მონაწილეებმა იქამდე, ვიდრე ტერიტორიას დატოვებდნენ. როგორც შვედეთში აცხადებენ, საელჩოს თანამშრომლებს საფრთხე არ შექმნიათ.

„ჩვენ კარგად ვართ ინფორმირებული სიტუაციის შესახებ. ჩვენი საელჩოს თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან და საგარეო საქმეთა სამინისტრო მათთან მუდმივ კონტაქტზეა“, – აცხადებენ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ ბაღდადში საპროტესტო აქციები 28 ივნისს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, რომლის დროსაც აქციის ორგანიზატორმა, სალვან მომიკამ  მეჩეთის წინ ისლამის წმინდა წიგნის ასლი დაწვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები