საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში კომენდანტის საათი დაწესდა
სამდღიანი საპროტესტო ტალღის შემდეგ, პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა და კომენდანტის საათი დაწესდა.
პარიზის კლამარტის რაიონის მუნიციპალური ხელისუფლების ცნობით, დ’ილ-დე-ფრანსში ავტობუსები და ტრამვაები ადგილობრივი დროით 21:00 საათის შემდეგ მოძრაობას შეწყვეტენ.
ჩრდილოეთ ოისის რეგიონში 22:00 საათიდან 06:00 საათამდე კომენდანტის საათი ამოქმედდება, რომელიც ხუთშაბათის ღამიდან ორშაბათის დილამდე გაგრძელდება. აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება 16 წლამდე ასაკის ყველა ბავშვისთვის, რომელსაც არ ახლავს მშობელი ან მეურვე.
კლიმარტის გარეუბანში, პარიზის სამხრეთ-დასავლეთით, კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს, რომელიც ასევე ორშაბათამდე გაგრძელდება.
სავინი-ლე-ტამპლსა და დ’ილ-დე-ფრანსში, კომენდანტის საათი მხოლოდ არასრულწლოვანთათვის, 22:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს. ახალგაზრდები ამ დროის განმავლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ ქუჩაში გადაადგილებას, თუ მათთან ერთად თანმხლები პირი – მშობელი ან მეურვე იქნება.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ქალაქ ნანტერში სამართალდამცველის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობას ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა. დაკავებულია 70-ზე მეტი ადამიანი, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და დარბეულია მაღაზიები.