ზელენსკი ნატოს სამიტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ ლიდერები ალიანსის წევრობის შესახებ განაცხადზე „გამბედაობას“ გამოიჩენენ
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, იგორ ჟოვკვას განცხადებით, უკრაინას მომავალ თვეში ვილნიუსის სამიტზე ნატოში გაწევრიანების მიწვევის მიღება სურს.
მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი არ დაესწრება სამიტს, თუ ალიანსის ლიდერები არ გამოიჩენენ გამბედაობას და არ მისცემენ უკრაინას მკაფიო სიგნალს, რომ [ნატოში გაწევრიანების] პროცესი შეიძლება დაიწყოს.
როგორც მან აღნიშნა, ნატოს სამიტზე კიევს სურს წევრობის შესახებ განცხადებაზე პასუხი მიიღოს.
„ეს განცხადება ახლა ნატოს ლიდერების მაგიდაზეა. ვილნიუსის სამიტი იქნება ძალიან კარგი დასაწყისი ამ განცხადებაზე პასუხის გასაცემად. პასუხის გაცემაში ვგულისხმობთ წევრობის შესახებ მიწვევას, რომელიც მხოლოდ პირველი ეტაპია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მთავარმა დიპლომატიურმა მრჩეველმა.