რატომ მოკლა 17 წლის მოზარდი – ნანტერის პროკურატურა ბრალდებული პოლიციელის ჩვენებას აქვეყნებს

პოლიციელმა, რომელმაც ორი დღის წინ საფრანგეთში 17 წლის მოზარდი მოკლა, საკუთარი ქმედება ახსნა იმით, რომ “მერსედესის” მარკის ავტომობილის საჭესთან მჯდომი ნაელი, “გზაზე საეჭვოდ იქცეოდა”, ქუჩაში “გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა” და გაჩნდა შიში, რომ “ის შეიძლება ვინმეს დაჯახებოდა”, – ამის შესახებ ნანტერის პროკურატურაში განაცხადეს.

დაკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ თავდაპირველად ნაელის მიერ მართულმა ავტომობილმა ძალოვანების ყურადღება, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 07:55 საათზე მიიქცია, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.

პირველად, ავტომობილის შემოწმება ორმა პოლიციელმა ერთ-ერთ შუქნიშანზე სცადა, თუმცა, ავტომობილმა წითელ შუქზე გაიარა და მოტოპოლიციელები მას აედევნენ. საბოლოოდ, “მერსედესი” საცობის გამო, იძულებული გახდა გაჩერებულიყო. პოლიციელებმა მანქანას მძღოლის მხრიდან მიუახლოვდნენ და ორივემ იარაღი ამოიღო. მათი თქმით, აღნიშნული იმისთვის გააკეთეს, რომ ნაელისთვის ენიშნებინათ, რომ არ დაეტოვა ადგილი.

„როდესაც მანქანა ისევ დაიძრა, პოლიციელმა მძღოლს ერთხელ ესროლა“, – თქვა პროკურორმა.

მისი თქმით, მანქანამ გზა განაგრძო, და დაახლოებით 08:19 საათზე ნელსონ მანდელას მოედანზე მდებარე ავეჯის მაღაზიას შეეჯახა.

მანქანაში 3 მსხდომთაგან ერთი გადმოვიდა და ის დააკავეს, მძღოლის გვერდში მჯდომი პირი მიიმალა და ის ამ დრომდე არ არის დაკავებული.

რაც შეეხება ნაელს, მისთვის პირველი დახმარების აღმოჩენა სცადა იმ პოლიციელმა, რომელმაც ესროლა. 08:21 წუთზე იქნა გამოძახებული სასწრაფო დახმარება და მოზარდის გარდაცვალება უკვე 09:15 საათზე დადასტურდა.

პროკურატურა აცხადებს, რომ “გამოძიების მდგომარეობიდან და შეგროვებული მასალებიდან გამომდინარე, პოლიციელის მიერ იარაღის გამოყენების კანონიერი პირობები დაცული არ იყო”.

საქმე “განზრახ მკვლელობის” მუხლით აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები