საქართველოში სურსათის კონტროლის სისტემის შეფასება FAO/WHO ინსტრუმენტის გამოყენებით

2023 წლის ივნისში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, მოსამზადებელი შეხვედრები და ტრენინგები დაიწყო სურსათის კონტროლის სისტემის შეფასების მიმართულებით. ტრენინგები ქვეყანაში სურსათის უვნებლობის და სანიტარული და ფიტოსანიტარული სექტორების განვითარების ხელშესაწყობად ტარდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„19 ივნისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში (MEPA) გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა, რომელზეც, ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საერთაშორისო სპეციალისტებმა წარადგინეს FAO-სა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ შემუშავებული შეფასების ინსტრუმენტი. ღონისძიებას MEPA-სა და მის დაქვემდებარების ქვეშ არსებული სააგენტოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობით, FAO გამოთქვამს მზადყოფნას რათა, ევროკავშირის მხარდაჭერით, ხელი შეუწყოს საქართველოში სურსათის კონტროლის არსებული სისტემის FAO/WHO ინსტრუმენტის გამოყენებით შეფასებას, რომლის მიზანს სისტემის მუშაობის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა და ამასთანავე, ხარვეზების იდენტიფიცირება წარმოადგენს, რათა სისტემის გასაუმჯობესებლად შემუშავდეს კონკრეტული რეკომენდაციები, საბოლოოდ კი, შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, განისაზღვროს პრიორიტეტული საკითხები და შემუშავდეს სტრატეგიული სამოქმედო გეგმა.

20 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში, გაიმართა ტრენინგები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად ამ შეფასებისთვის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სახელმწიფო ლაბორატორიის, შემოსავლების სამსახურისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განსაზღვრულმა საკონტაქტო პირებმა.

ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული ტრენინგის მოდული, მოიცავდა FAO/WHO-ს მიერ გლობალურად დანერგილი შეფასების ინსტრუმენტის ანალიზს, საკონტაქტო პირებისთვის კონკრეტული აქტივობების შესახებ ცოდნის გადაცემასა და განსაზღვრული კრიტერიუმებით შეფასების მექანიზმების სწავლებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები