მაკრონმა არეულობის გამო კრიზისების ჯგუფი მოიწვია – დაკავებულია უკვე 150 პირი
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა – ქვეყანაში მიმდინარე ძალადობის ფონზე, უწყებათაშორისი კრიზისების ჯგუფი მოიწვია.
ამის შესახებ Agence France-Presse ელისეის სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
აღნიშნულია, რომ შეხვედრა შსს-ში გაიმართება.
მანამდე, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა განაცხადა, რომ არეულობების შედეგად უკვე 150 ადამიანია დაკავებული.
საფრანგეთში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 27 ივნისს მოტოპატრულმა 17 წლის მოზარდი, ნაელი მოკლა.
მედიის ინფორმაციით, მოტოპატრულმა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, შემოწმების მიზნით გააჩერა.
France Info-მ ინციდენტის ამსახველი ვიდეო გააანალიზა, სადაც ჩანს, რომ პოლიციელს იარაღი მძღოლის კარის დონეზე ეჭირა. ნაელმა უეცრად ფეხი გაზს დაადგა, სავარაუდოდ, მიმალვის მიზნით, რა დროსაც პოლიციელმა მას ახლო მანძილიდან ესროლა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველი დაკავებულია.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალ დარმანენმა განაცხადა, რომ გარემოებების გასარკვევად გამოძიება მიმდინარეობს.