ჯეიმს კლევერლი: შვედეთი უნდა შეუერთდეს ნატოს, ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს
დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს შვედეთის ნატოში სწრაფი გაწევრიანების მოთხოვნას, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა.
„ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი გაწევრიანების პროცესის სწრაფად დასრულებისკენ სწრაფვას“, – აღნიშნა კლევერლიმ პრესკონფერენციაზე, რომელიც შვედეთში ვიზიტის დროს თავის შვედ კოლეგა ტობიას ბილსტრომთან ერთად გამართა.
„შვედეთი უნდა შეუერთდეს ნატოს და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.
შვედეთმა ნატოში გაწევრიანება გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოითხოვა, მაგრამ მისი წევრობის რატიფიცირება თურქეთმა და უნგრეთმა შეაჩერეს.
კითხვაზე, ისაუბრა თუ არა ბრიტანეთმა თურქეთთან მისი პოზიციის შესახებ, კლევერლიმ აღნიშნა, რომ მან ისაუბრა თურქ კოლეგასთან და ბრიტანეთის პოზიცია ნათლად განმარტა.
„თურქეთის ინტერესშია, რომ შვედეთი გახდეს ალიანსის წევრი და ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“, – დასძინა მან.