პაატა კვიჟინაძე: მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი
„მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რითაც საქართველო ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში,”- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიში განიხილეს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ტრიბუნიდან ბოლო წლების მაკრო-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა, გაიხსენა კოვიდპანდემიის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტზე.
„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილი იყო მთლიანი შიდა პროდუქტის 4.5%-იან ზრდაზე, ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი – მშპ-ს 2.7%-ზე, ხოლო მთავრობის ვალი – 42.5%-ის დონეზე, თუმცა კოვიდპანდემიის გამო 2020 წლის მშპ რეალური ზრდამ (-)6.8% შეადგინა, ხოლო ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი 9.1% და მთავრობის ვალი 60.2% დაფიქსირდა. ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის ეს მაჩვენებლები 3 წელიწადში უნდა დაბრუნებოდნენ კანონმდებლობით დადგენილ 3%-იან და 60%-იან ზღვრებს, თუმცა ეს შესაძლებელი გახდა უკვე 2022 წელს ანუ 2 წელიწადში, რასაც ხელი შეუწყო 2021-2022 წლებში დაფიქსირებულმა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ: 2021 წელს – 10.5% და 2022 წელს – 10.1%”, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო წლების მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა საშუალება 2023 წელს გაგვეზარდა დაფინანსება მთელი რიგი სოციალური და ინფრასტრუქტული პროექტების მიმართულებით.
რაც შეეხება ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ინფლაციას, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის 2022 წელი იყო გადამწყვეტი ინფლაციის დარეგულირების თვალსაზრისით. „წლის ბოლოდან დაიწყო ინფლაციის შემცირება, რაც გაგრძელდა 2023 წელსაც და აპრილიდან უკვე ჩამოსცდა მიზნობრივ 3%-იან დონეს. მნიშვნელოვანია, მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად გააგრძელოს მუშაობა ინფლაციის მიზნობრივი დონის შესანარჩუნებლად,”- განაცახდა პაატა კვიჟინაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ფისკალურ სფეროში გამოწვევებზეც ისაუბრა. „მიუხედავად სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმის შესრულებაში დაფიქსირებული დადებითი მდგომარეობისა, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული გამოწვევები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელი და მნიშვნელოვანია მომავალი წლების ბიუჯეტების როგორც დაგეგმვის ისე შესრულებისას,” – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.