“დროა, უკრაინის წევრობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ნატომ კრემლისკენ გახედვა შეწყვიტოს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში გამოსვლისას მოუწოდა, ნატოს უკრაინის წევრობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, შეწყვიტოს კრემლისკენ გახედვა.

ამის შესახებ Eurointegration-ი წერს.

მისი თქმით, ბოლო წლებში ნატოს ორი ფუნდამენტური სისუსტე ჰქონდა.

„პირველ ყოვლისა, არსებობდა ეჭვი, იმუშავებდა თუ არა ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლი და ჩვენ, ყველა მოწმენი ვიყავით, როგორ ეჭვობდა მსოფლიო, დაიცავდა თუ არა ალიანსი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებს მათ წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში. მეორეც, მსოფლიოში ბევრი არ აღიქვამდა და არ აღიქვამს ნატოს, როგორც თავდაცვით ალიანსს, პროპაგანდის შედეგად მას აწერენ, რომ თითქოს აგრესიულ მიზნებს ატარებს. უკრაინის ალიანსში შესვლა საიმედოდ აღმოფხვრის ნატოს ამ ორ სისუსტეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა,  აღარავის ეპარება ეჭვი, რომ უკრაინას შეუძლია, დაიცვას საკუთარი თავი და მოკავშირეები. მისი თქმით, გარდა ამისა, მსოფლიოში ყველამ დაინახა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი იყო არაპროვოცირებული და კრიმინალური, მტაცებლური და გენოციდური.

“უკრაინის ნატოში შესვლა იქნება მძლავრი სიგნალი მსოფლიოსთვის, რომ ეს არის ალიანსი, რომელიც იცავს და დაიცავს. ეს არის ალიანსი, რომელსაც აქვს გამარჯვებულების გამოცდილება და გამარჯვებულთა მორალური უპირატესობა სრულიად სამართლიან დაცვაში”, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვების შემდეგ, მოკავშირეებს მოუნდებათ, რომ უკრაინული საბრძოლო ბრიგადები მეზობლების მიწაზე განლაგდნენ, რადგან „უკრაინა სიძლიერის ქვეყანაა და ამას ყველა ხედავს“.

„ნატო უკრაინის უსაფრთხოების გარანტიას გასცემს, ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები კი, ნატოს სხვა წევრების უსაფრთხოებას და დაცვას უზრუნველყოფენ. იმისათვის რომ ეს რეალობად იქცეს, საჭიროა მხოლოდ ალიანსის ყველა პარტნიორმა შეწყვიტოს კრემლისკენ გახედვა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. უკვე თავად რუსეთის შიდა ძალებმაც კი შეწყვიტეს კრემლის სუსტი მმართველისკენ გახედვა. პუტინის სიგიჟემ განაპირობა ის, რომ მან თავი ყრუ ბუნკერში შეიყვანა“, – დაასკვნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები