პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა 81 ხმით, პირველი მოსმენით, „საარჩევნო კოდექსში” ცვლილება მიიღო. ცვლილებების თანახმად, 2 დღიდან 3 დღემდე იზრდება საარჩევნო კოდექსით დადგენილი ხარვეზის/შეუსაბამობის აღმოფხვრის ვადები.

პარლამენტის ინფორმაციით, ასევე, იცვლება ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირებასთან დაკავშირებული ვადები. კერძოდ, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამომრჩეველი საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 11 დღისა (ნაცვლად 8 დღისა). ზუსტად ასეთი წესი გავრცელდება სპეციალურ სიაზე. კერძოდ, შესაბამისმა უწყებებმა ამომრჩეველთა სპეციალური სია საარჩევნო კომისიას უნდა მიაწოდონ, არაუგვიანეს მე-11 დღისა (არაუგვიანეს მე-8 დღის ნაცვლად).

კანონპროექტით დგინდება ამომრჩეველთა ბარათების ამომრჩევლებისთვის გადაცემის საწყისი ვადა. არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა რეგისტრაციისა და უფლებამოსილებათა განხორციელების წესი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით. ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნება კენჭისყრის დღის 6 საათზე და 45 წუთზე, მიუხედავად იმისა, საარჩევნო უბანში კენჭისყრა ტარდება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, თუ გამოყენების გარეშე.
კანონპროექტით მარტივდება და ერთგვაროვანი ხდება საარჩევნო სუბიექტების კანდიდატების მიერ საარჩევნო დოკუმენტაციის შედგენის პროცედურები. აღარ იქნება სავალდებულო საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო დოკუმენტაციაში რიგი ინფორმაციის მითითების ვალდებულება. არჩევნებში დასაშვები იქნება პარტიის მიერ მხოლოდ მისი სახელწოდების ან/და მისი შემოკლებული დასახელების გამოყენება. დასაშვები იქნება, ასევე, მხოლოდ წესდებაში მითითებული პარტიის შემოკლებული დასახელების მითითება არასრულად. კანონპროექტით ზუსტდება და ერთგვაროვანი ხდება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობასთან დაკავშირებული ნორმები. პარტიას/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება ექნება, რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა (არაუგვიანეს 12 დღის ნაცვლად), გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ. კანონპროექტი ამავე ვადებს ადგენს კანდიდატის მიერ საკუთარი ინიციატივით კანდიდატის მოხსნის შემთხვევაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები