გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მაცივარაგენტების იმპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მაცივარაგენტების იმპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. იმპორტიორებს, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა, მაცივარაგენტებით ვაჭრობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები, საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიციონერების ინჟინერთა ასოციაციის წარმომადგენლები, მაცივარაგენტების იმპორტიორები და ტექნიკოსები ესწრებოდნენ.

16 ივნისს საქართველო პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და სხვა საერთაშორისოდ რეგულირებული გლობალური დათბობის მაღალი პოტენციალის მქონე მაცივარაგენტების მართვის სისტემის გაუმჯობესებას.

განახლებული კანონმდებლობა აწესებს ახალ მოთხოვნებს მაცივარაგენტების მართვაში ჩართული პირებისთვის, მათ შორის, მაცივარაგენტების იმპორტიორებისთვის. კერძოდ, დაინერგება კიგალის ცვლილებით გათვალისწინებული ნივთიერებების – ჰიდროფტორნახშირბადების იმპორტის კვოტირების და სანებართვო სისტემა; ასევე, მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემა (ჟურნალი), რომელიც ჩაანაცვლებს აღრიცხვა-ანგარიშგების არსებულ სახეებს.

საქართველო სულ მალე შეუერთდება მონრეალის ოქმის კიგალის ცვლილებას, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ძალისხმევას გლობალური დათბობის მაღალი პოტენციალის მქონე ნივთიერებების მოხმარების შესამცირებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები