უზბეკეთში პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებზე ვადამდელი კენჭისყრა დაიწყო
უზბეკეთში 9 ივლისს პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები გაიმართება, ხოლო დღეს, 28 ივნისს ვადამდელი კენჭისყრა დაიწყო იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არჩევნების დღეს რეგისტრაციის ადგილზე ყოფნას ვერ შეძლებენ.
ამის შესახებ ქვეყნის ცესკოში განაცხადეს.
ვადამდელი კენჭისყრა 5 ივლისს დასრულდება, ხმის მიცემა შესაძლებელია სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე, ხოლო უქმეებსა და დღესასწაულებზე – 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.
უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავქათ მირზიოევმა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ განკარგულებას ხელი 8 მაისს მოაწერა.
მანამდე, უზბეკეთის კონსტიტუციაში შეიტანეს ცვლილება, რომლის მიხედვით პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე გაიზარდა, ხოლო მირზიოევის ვადა არ განულდება. არჩევნებში ხელახლა მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ წესის გათვალისწინებით, მირზიოევს, რომელიც თანამდებობას 2016 წლიდან იკავებს, სახელმწიფოს მეთაურად დარჩენა 2040 წლამდე შეუძლია, როდესაც მას 83 წელი შეუსრულდება.
უზბეკეთში კონსტიტუციაში ცვლილებების მიღების შესახებ რეფერენდუმი 30 აპრილს გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, აქტივობამ 84,54% შეადგინა, ძირითადი კანონის რეფორმის მომხრე ამომრჩეველთა 90,21% იყო, წინააღმდეგი – მხოლოდ 9,35%.
პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის შეცვლის გარდა, დამტკიცებულ სიახლეებს შორის ასევე არის ბავშვთა იძულებითი შრომის აკრძალვა, სოციალური გარანტიების გაფართოება და მედიის მუშაობაში ჩარევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება.
საკონსტიტუციო რეფორმის გატარების წინადადებით თავად მირზიოევი 2021 წლის ნოემბერში საინაუგურაციო სიტყვის დროს გამოვიდა. მისი აზრით, ცვლილებების შეტანას „თავად ცხოვრება მოითხოვს და ჩვენი გარდაქმნების ლოგიკით არის ნაკარნახევი“.