ცხინვალში მაღაზიის მფლობელი ენერგეტიკული სასმელების გაყიდვისთვის დაისჯება
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. შსს-ს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ენერგეტიკული სასმელების გაყიდვისთვის ცხინვალის მკვიდრის მიმართ ადმინისტრაციული ოქმი შეადგინეს.
აღნიშნულია, რომ “მატონიზირებელი უალკოჰოლო ენერგეტიკული სასმელების რეალიზაციის ფაქტი, ცხინვალის ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში გამოვლინდა”.
„მაღაზიის მფლობელის, ცხინვალში მცხოვრები 42 წლის ქალის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტზე ადმინისტრაციული ოქმი შედგა“, – აცხადებენ პრესსამსახურში.
ქალის ქმედებით დარღვეულია ე.წ. რესპუბლიკის კანონი “მატონიზირებელი უალკოჰოლო და დაბალალკოჰოლური სასმელების იმპორტის, წარმოების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის აკრძალვის შესახებ”.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ენერგეტიკული სასმელების გაყიდვაზე აკრძალვა 2012 წელს დაწესდა.