“ბელარუსში “ვაგნერის” გამოჩენასთან დაკავშირებით ნატომ მკაცრი ზომები უნდა მიიღოს” – დუდა
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ბელარუსში “ვაგნერის” დაქირავებულების გამოჩენასთან დაკავშირებით ნატომ მკაცრი ზომები უნდა მიიღოს.
ამის შესახებ მან ჰააგაში, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ თქვა, – წერს Reuters-ი.
„ეს მართლაც სერიოზული და ძალიან შემაშფოთებელია და ჩვენ ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. ეს მოითხოვს ნატოს ძალიან, ძალიან მკაცრ პასუხს“, – თქვა დუდამ.
თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ თქვა, რომ „თუ “ვაგნერი” ბელარუსში თავის სერიულ მკვლელებს განათავსებს, ყველა მეზობელი ქვეყანა არასტაბილურობის კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება“.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ჯერ ნაადრევია “ვაგნერის” დაქირავებულების ბელარუსში გადასროლის შედეგებზე საუბარი, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი მზად არის, დაიცვას თავი ნებისმიერი საფრთხისგან.