სახალხო დამცველი გმობს მიშა მშვილდაძეზე ფიზიკურ თავდასხმას და მოუწოდებს პროკურატურას, საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადასცეს
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გმობს ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის მიმართ დღეს განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული, ომბუდსმენი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმე გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო.
„საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გმობს მიშა მშვილდაძის მიმართ დღეს განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით; სწრაფად და სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები, ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა და სხვა“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.