უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა – შანდორ პინტერმა ვახტანგ გომელაურს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის – ვახტანგ გომელაურის ოფიციალური სამუშაო ვიზიტი უნგრეთში გრძელდება. უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ბუდაპეშტში, ქართული დელეგაციის პატივსაცემად, ოფიციალური სადილი გაიმართა, სადაც სტუმრებს უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შანდორ პინტერმა უმასპინძლა.
შსს-ს ინფორმაციით, უნგრეთში ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ გომელაურსა და მის უნგრელ კოლეგას შორის ასევე შედგა ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა, სადაც მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მათ უწყებებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე და მზაობა გამოთქვეს აქტიურად გააგრძელონ მუშაობა ამ მიმართულებით.