“თქვენ, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომი შეაჩერეთ” – პუტინმა სამხედროებს მიმართა
რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს, რუსეთის გვარდიის, FSB-ს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და დაცვის ფედერალური სამსახურის ნაწილებს მიმართა, რომლებიც “ვაგნერის” არშემდგარი ამბოხის დროს “კანონიერებას და წესრიგს უზრუნველყოფდნენ”.
ამის შესახებ მან კრემლის საკათედრო მოედნიდან თქვა.
„თქვენ იცავდით ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებას, უსაფრთხოებას, სიცოცხლეს და კონსტიტუციურ წესრიგს. თქვენ გადაარჩინეთ ჩვენი სამშობლო არეულობისგან, ფაქტობრივად, შეაჩერეთ სამოქალაქო ომი. რთულ ვითარებაში თქვენ მოქმედებდით მკაფიოდ, ორგანიზებულად, საქმით დაამტკიცეთ თქვენი ერთგულება ხალხის და სამხედრო ფიცის მიმართ, გამოავლინეთ პასუხისმგებლობა სამშობლოს ბედსა და მის მომავალზე“,- თქვა პუტინმა.
მისი თქმით, ხალხი და არმია აჯანყებულთა მხარეს არ დადგა, სამხედროების მონდომებამ და გამბედაობამ, ისევე – როგორც საზოგადოების კონსოლიდაციამ, გადამწყვეტი როლი ითამაშა აჯანყების ჩახშობაში.
მან აღნიშნა, რომ არ გახდა საჭირო “სპეცოპერაციაში ჩართული” საბრძოლო ნაწილების პოზიციებიდან გაყვანა.
„სამართალდამცავი ორგანოების სწრაფმა და ზუსტმა განლაგებამ შესაძლებელი გახადა ქვეყანაში სიტუაციის უკიდურესად საშიში განვითარების შეჩერება, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან აცილება. აჯანყების ჩახშობის დროს დაღუპულმა პილოტებმა, ღირსეულად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა”,- თქვა კრემლის ლიდერმა.