უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დატყვევებული 70-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯა.
ამის შესახებ გაეროს მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც “რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის კონტექსტში მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავება” სახელწოდებით გამოქვეყნდა.
კვლევა 2022 წლის 24 თებერვლიდან – 2023 წლის 23 მაისამდე პერიოდს მოიცავს.
ამ პერიოდში გაეროს სადამკვირვებლო მისიამ შეძლო დაედასტურებინა 800-ზე მეტი ადამიანის დაკავება.
”დავაფიქსირეთ სულ 77 მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილით დასჯა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ თვითნებურად იყვნენ დაკავებულნი,” – განაცხადა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მისიის ხელმძღვანელმა, მატილდა ბოგნერმა.
ანგარიშის ავტორების თქმით, საუბარია 72 მამაკაცსა და ხუთ ქალზე.
ანგარიშის მიხედვით, სულ მცირე, ერთი დაკავებული გარდაიცვალა „წამების, პატიმრობის არაადამიანური პირობების ან/და აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის შედეგად“.