“აშშ ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი მზად არის, ააფეთქოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ან ბირთვული იარაღი გამოიყენოს” – კირბი
ვაშინგტონი არ მიიჩნევს, რომ რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება “გარდაუვალია”, მიუხედავად იმისა, რომ კიევმა გამოაცხადა, რომ რუსეთმა დაასრულა მზადება სადგურის პოტენციური აფეთქებისთვის.
ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„არ ვაპირებ კონკრეტულ სადაზვერვო ინფორმაციაზე საუბარს. ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, ვნახეთ კიევის განცხადებები. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს სადგურის მახლობლად რადიოაქტიურობის მონიტორინგის შესაძლებლობა და ჩვენ არ დაგვინახავს რაიმე ნიშანი, რომ ეს საფრთხე გარდაუვალია. მაგრამ ჩვენ ამას ძალიან, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით“, – თქვა კირბიმ.
რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ დასმულ კითხვაზე, თეთრი სახლის წარმომადგენელმა თქვა, რომ აშშ ასეთ ნიშნებს ჯერ ვერ ხედავს.
„ჩვენ არ გვინახავს რაიმე მინიშნება, გარდა ხმამაღალი რიტორიკისა, რომ რუსეთს აქვს განზრახვა გამოიყენოს ბირთვული იარაღი უკრაინის ტერიტორიაზე. რუსეთის მხრიდან ბევრი დაუფიქრებელი რიტორიკა ვნახეთ. ამას ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ პუტინი აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას უკრაინის ტერიტორიაზე ან სხვაგან“, – დასძინა ჯონ კირბიმ.