აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს გამოუყოფს, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი დოლარია, – ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა.
მისი თქმით, დახმარების ახალი პაკეტი სამშაბათს გამოცხადდება, რომელშიც სავარაუდოდ, დამატებით „ბრედლის“ და „სტრაიკერის“ საბრძოლო მანქანები იქნება წარმოდგენილი.
CNN-ის ცნობით, კონტრშეტევის პირველ დღეებში უკრაინამ რამდენიმე ჯავშანმანქანა დაკარგა, რომელიც აშშ-ის ოფიციალური პირების აზრით, უკრაინულმა ძალებმა მიმდინარე თვის დასაწყისში დაიწყეს.
აღნიშნული პაკეტის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა შეაფასეს, თუ რა გავლენას მოახდენს რუსეთის შიგნით „ვაგნერის“ აჯანყება უკრაინაში მიმდინარე ომზე.
გასულ კვირას აშშ-მა და დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ უკრაინის კონტრშეტევა მოლოდინებს არ აკმაყოფილებდა და რუსული თავდაცვის ხაზები კარგად იყო გამაგრებული.