პუტინი აცხადებს, რომ შეიარაღებული აჯანყება ნებისმიერ შემთხვევაში ჩახშობილი იქნებოდა

შეიარაღებული აჯანყება ნებისმიერ შემთხვევაში ჩახშობილი იქნებოდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა.

„ხაზს ვუსვამ, რომ მოვლენების დაწყებისთანავე დაუყოვნებლივ მიღებულ იქნა ყველაზე აუცილებელი გადაწყვეტილებები წარმოქმნილი საფრთხის განეიტრალების, კონსტიტუციური წესრიგის, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად. შეიარაღებული აჯანყება ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა ჩახშობილი“, – განაცხადა პუტინმა.

„რუსეთის მტრებს სურდათ, ქვეყანა სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩამხრჩვალიყო, თუმცა მათ ეს არასწორად გათვალეს. ამ დღეებში გადამწყვეტი როლი ითამაშა მოქალაქეთა პატრიოტულმა სულისკვეთებამ, მთელი რუსული საზოგადოების კონსოლიდაციამ. ამ მხარდაჭერით ერთად გადავლახეთ ჩვენი სამშობლოსთვის ურთულესი განსაცდელი. მადლობა ამისთვის. მადლობა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აჯანყების ორგანიზატორებმა უღალატეს ხალხს და მათ, ვინც აჯანყების პროცესში იყო ჩართული.

როგორც კრემლის ლიდერმა აღნიშნა, სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლებს შეუძლიათ გააგრძელონ სამსახური რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ან წავიდნენ ბელარუსში, ხოლო სამხედრო დაჯგუფების წევრებისთვის მიცემული დაპირება შესრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები