ComCom-ის თავმჯდომარე: გასულ წელს მობილური მომსახურებების აბონენტების რაოდენობამ 5.84 მილიონი შეადგინა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, პარლამენტში კომისიის გასული წლის ანგარიშის წარდგენისას, საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების დარგის განვითარების ტენდენციები მიმოიხილა. თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2022 წელს ელექტრონულ კომუნიკაციებში ავტორიზებული პირების მიერ მიღებული შემოსავალი 1.469 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით, 200 მილიონი ლარით მეტია.
კახა ბექაურმა მობილური აბონენტების რაოდენობასა და შემოსავლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს, მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 5.84 მილიონი შეადგინა, საიდანაც იურიდიული პირი აბონენტი – 1.38 მილიონი, ხოლო ფიზიკური პირი აბონენტი – 4.46 მილიონი იყო. მან დაამატა ისიც, რომ საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარზე პენეტრაცია მაღალია და 170%-ს შეადგენს.
კახა ბექაურის თქმით, 2022 წელს, აბონენტების რაოდენობის მიხედვით, საბაზრო წილის 42% – მაგთიკომს, 33% – სილქნეტს, 25% კი, ბილაინს ეკუთვნოდა, ხოლო საშუალოდ ერთი აბონენტისგან მიღებული შემოსავალი (ARPU) 11.8 ლარი იყო. კერძოდ, ARPU-ს მაჩვენებელი მაგთიკომისთვის 14.1 ლარს, სილქნეტისთვის – 12.1 ლარს და ბილაინისთვის – 7.7 ლარს შეადგენდა.