კახა ბექაური: ComCom ევროპელ ექსპერტებთან ერთად ტელეკომ ბაზრის კომპლექსურ კვლევაზე მუშაობს

პარლამენტში გამართულ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე, კახა ბექაურმა კომისიის 2022 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც გასული წლის საქმიანობაზე ისაუბრა. თავმჯდომარის განცხადებით, 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ფიქსირებული და მობილური მომსახურებების ბაზრებზე შესვლის ბარიერების მოხსნისა და მომხმარებლისთვის საკომუნიკაციო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევა ევროპელ ექსპერტებთან ერთად დაიწყო. კომპლექსურ კვლევაზე კომისიის გუნდი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების ოფისთან (AA Facility) ერთად მუშაობს.

კომპლექსური კვლევის ფარგლებში, შეფასდება ტელეკომ სექტორში არსებული კონკურენცია, გამოვლინდება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები და საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ კომპანიებს სპეციფიკური ვალდებულებები განესაზღვრებათ.

„შეფასდება მომხმარებლებისთვის საკომუნიკაციო მომსახურებების ხელმისაწვდომობა და სექტორის განვითარების შესაძლებლობები. კვლევის შედეგად კი, დადგინდება საჭიროებს თუ არა წინასწარ (Ex-ante) რეგულირებას ისეთი საბითუმო ბაზრები, როგორიცაა ფართოზოლოვანი საბითუმო ინტერნეტ მომსახურების ბაზრის ე.წ. Bitstream სეგმენტი, ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვებისა და ინტერნეტ ტრანზიტის ბაზრები, ასევე, მობილური მომსახურებების შესაბამისი საბითუმო დაშვების ბაზარი”, – განაცხადა თავმჯდომარემ.

ანგარიშის წარდგენისას, კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ 2022 წელს, ComCom-მა ასევე შეაფასა ვირტუალური ქსელის ოპერატორების (MVNO) დაშვების თვალსაზრისით არსებული გარემო და ხაზი გაუსვა, რომ გასულ წელს, საქართველოში საქმიანობა დაიწყო პირველმა ვირტუალურმა მობილურმა ოპერატორმა “ჰალლო”-მ, თუმცა, ქსელის მფლობელ ოპერატორებსა და დაშვების მსურველ სხვა კომპანიებს შორის, მოლაპარაკებების პროცესი გაჭიანურდა. სწორედ ამიტომ, თავმჯდომარის თქმით, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და ვირტუალური ქსელის ოპერატორის სავალდებულო დაშვების შესახებ რეგულაციის ამოქმედების ვადა 6 თვით გაახანგრძლივა, რათა მხარეებს პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა მისცემოდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები