Spiegel: ბერლინი უკრაინისთვის ჭურვების მიწოდების გრძელვადიან გეგმას ამზადებს

გერმანიის ფედერალური მთავრობა უკრაინის საარტილერიო ჭურვებით გრძელვადიან მხარდაჭერას გეგმავს და შესაბამის კონტრაქტებს ამზადებს.

ამის შესახებ Spiegel-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, გასულ კვირას ქვეყნის მთავრობამ ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტს კომპანია Rheinmetall-თან შესაბამისი ჩარჩო შეთანხმება დასამტკიცებლად წარუდგინა.

დოკუმენტი ითვალისწინებს 2029 წლამდე 155 მმ-იანი ჭურვის 333 ათასი ცალის მიწოდებას საკუთარი საწყობებისთვის. იგი ასევე მოიცავს უკრაინაში საბრძოლო მასალის მიწოდების გრძელვადიან გეგმას.

უკრაინისთვის, სავარაუდოდ, 20 ათასი ჭურვის მიწოდებაა გათვალისწინებული მომდევნო ორი წლის განმავლობაში, რაშიც ფედერალური მთავრობა 60 მილიონ ევროს გადაიხდის.

ასევე, ბუნდესვერი წელს 20 000 ჭურვს მიიღებს.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს, რომ უკრაინას შეეძლება დამატებითი ჭურვების შეკვეთა მას შემდეგ, რაც ის მიიღებს პირველ პარტიას.

უკრაინისთვის ჭურვების შემდგომი პარტიების ფასი არ დაფიქსირებულა. საბრძოლო მასალის გლობალური მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით, Rheinmetall-ი არ იყო მზად, ჩარჩო ხელშეკრულებით განესაზღვრა კონკრეტული ფასები და მიწოდების დრო.

ამჟამად, გერმანიამ უკრაინას დაახლოებით 25 ათასი საარტილერიო ჭურვი გადასცა, ამავე რაოდენობის პარტიის მიწოდება უახლოეს დროში იგეგმება.

როგორც მედია წერს,  ეს უმნიშვნელო მოცულობებია იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინელ სამხედროებს ყოველთვიურად 200 000-ზე მეტი ჭურვის გასროლა უწევთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები