“მაღალი ალბათობით, ჩანს, რომ ეს უბრალოდ აღშფოთებული ადამიანების ამბოხი არ იყო, ბევრი რამ ირიბად მოწმობს, რომ სპექტაკლი იყო” – არეშიძე რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე

კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძის განცხადებით, ბევრი რამ ირიბად მოწმობს იმაზე, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხი უფრო სპექტაკლი იყო.
არეშიძე რუსეთში განვითარებულ მოვლენებს მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას გამოეხმაურა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ამ სპექტაკლის ერთ-ერთი შედეგი შემდეგი უნდა ყოფილიყო დემონსტრირება იმისა, ვინ ვინ არის რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში.

“მსოფლიო ისტორიაში ანალოგი იმისა, როდესაც სპეცსამსახურებს ძალიან სერიოზული სპექტაკლი დაუდგამთ, ყოფილა, შეუწირავთ არა მხოლოდ მატერიალური რესურსის ნაწილი და ადამიანების სიცოცხლე იმისთვის, რომ თავიანთი ამოცანა შეესრულებინათ, არამედ მთელი ქალაქებიც. დასავლეთშიც ყოფილა ასეთი რამ. მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისის დაზვერვამ იცოდა, რომ გერმანელების ავიაცია ქალაქ კოვენტრიზე დარტყმას აპირებდა და ეს არ გაამჟღავნა იმის გამო, რათა არ გაემხილათ ის, რომ გერმანული შიფრი ჰქონდათ. დაბომბვის დროს დაახლოებით 50 000 კაცი დაიღუპა. ასე რომ, ასეთი შემთხვევები არის, როდესაც სპეცსამსახურების დადგმულ ოპერაციას ძალიან სერიოზული მატერიალური და ადამიანური რესურსი ეწირება.
იყო თუ არა ეს სპექტაკლი? რასაკვირველია, სპექტაკლის ელემენტები იყო და ამაზე ბევრი რამ მოწმობს. ჩამოვთვალოთ პუნქტობრივად: პირველი განცხადება პუტინისა, რომელშიც პრიგოჟინი ნახსენები არ იყო. მეორე: რუსული მედიასივრცის ცნობილი პროპაგანდისტები, სალავიოვის მაგვარები, რას ლაპარაკობდნენ, გაუგებარი იყო, პირველ წუთებში შეფასებები საკმაოდ ბუნდოვანი და არაორგანიზებული იყო. იგრძნობოდა, რომ ან დავალებით ლაპარაკობდნენ, ან თავად ვერ იყვნენ სიტუაციაში გარკვეულები. ისინი იმდენად არიან დაახლოებული კრემლთან, რომ რეალური მდგომარეობა უნდა სცოდნოდათ. აქედან გამომდინარე, ისინი რეალური მდგომარეობის აღწერას ან თავს არიდებდნენ, ან ცდილობდნენ, საკუთარი პრესტიჟი დაეცვათ. მესამე: იმ საათებში რუს ჩინოვნიკებს შორის ძალიან სერიოზული გადაადგილება შეიმჩნეოდა (გადაადგილება რუსეთიდან სხვა ქვეყნების მიმართულებით). უნდა ითქვას, რომ ძალიან სერიოზული დეზავუირება მოხდა უამრავი სამხედრო ჩინისა. მაგალითად, ველი სამხედრო სტრუქტურებში რიგ ცვლილებებს, დაპატიმრებებსაც კი. არ არის გამორიცხული, რომ ამ სპექტაკლის ერთ-ერთი შედეგი ეს უნდა ყოფილიყო: დემონსტრირება იმისა, ვინ ვინ არის რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში. პოლიტიკურ ელიტაში რომ განხეთქილებაა, ზოგადად ეს ჩანდა კიდეც -ერთმანეთს კონსერვატორები და ლიბერალები არიან დაპირისპირებულები. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ეს იყო სპეცოპერაცია იმისათვის, რათა რუსეთის უმაღლეს მთვარსარდალს ხელები გახსნილი ჰქონოდა იმისათვის, რომ რეპრესიები გაეტარებინა. ბევრი რამ ირიბად მოწმობს, რომ ეს მაინც სპექტაკლი იყო. თუმცა, ამის დამტკიცება, მტკიცედ ბეჭდის დასმა გამიჭირდება. მაინც ველოდები ცვლილებებს როგორც სამხედრო ხელმძღვანელობაში, ისე პოლიტიკურში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პლუს ველოდები თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის შეცვლას. თუ ეს შეცვლები მოხდა და ის ადამიანები დაინიშნენ, ვისზეც რუსულ მედიაში ინფორმაცია ვრცელდება, მაშინ შეიძლება, დადასტურებულად ითქვას, რომ ეს სპექტაკლი იყო”,  – განაცხადა არეშიძემ.

მისი თქმით, მაღალი ალბათობით, ჩანს, რომ ეს უბრალოდ აღშფოთებული ადამიანების ამბოხი არ იყო.

“გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, სად ამოყოფს თავს საბოლოო ჯამში პრიგოჟინი და მისი “ვაგნერი”. თუ ბელარუსში აღმოჩნდებიან, ძალიან დიდი ალბათობით, შეიძლება ითქვას, რომ მთელი ეს ოპერაცია იმიტომაც განხორციელდა, რომ ბელარუსში სამხედრო კონტინგენტის (მით უმეტეს, ეს კერძო სამხედრო კონტინგენტია) სერიოზული გადაადგილება გადაეფარათ. მომავალში ბელარუსის ტერიტორიიდან კიევზე დარტყმას “ვაგნერის” ძალით უნდა ველოდო. აქამდე ბულარუსის ხელმძღვანელობა შექმნილ საერთაშორისო ვითარებას ანგარიშს უწევდა და თავის ტერიტორიიდან რუსეთს ღიად სამხედრო სახმელეთო ოპერაციების ჩატარების უფლებას არ აძლევდა, თუ არ ჩავთვლით საავიაციო გაფრენებს. ახლა კი, შესაძლებელია იმის თქმა, რომ პრიგოჟინი იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ მან ეს სპეცოპერაცია თავად წამოიწყო და ბელარუსმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი იყო, რომ პრიგოჟინის კოლონა, რომელიც მოსკოვისკენ მიდიოდა, მოსკოვთან 200 კილომეტრში გაჩერდა. ეს არის დაახლოებით ის ტერიტორია, სადაც უკვე ლიპეცკის ოლქი მთავრდებოდა და ტვერის იწყებოდა. საქმე ისაა, რომ ყველა გუბერნატორი, რომლის ტერიტორიაც პრიგოჟინის ხალხს, სავარაუდოდ, უნდა გაევლო  ან გაიარა, ეთერში გაუთავებლად იყო და საზოგადოებას თავის გადადგმული ნაბიჯების შესახებ აცნობდა. ერთადერთი, ტვერის გუბერნატორი იყო, რომელიც გაისუსა, ხმას არ იღებდა. ის არის გენერალი დიუმინი, რომელიც თავის დროზე პუტინის დაცვაში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, პუტინთან უაღრესად დაახლოებული პირი იყო. გარდა ამისა, პრიგოჟინის მეგობარიც იყო. არ გამოვრიცხავ, რომ როგორც რუსული მედიის ექსპერტების ერთი ნაწილი აღნიშნავს, ერთ დღეს თავდაცვის მინისტრი ეს დიუმინი გახდეს და გენერალური შტაბის უფროსიც გენერალ სუროვიკინით შეიცვალოს. თუ ამ ოპერაციის ერთი ნაწილი ასეთი ცვლილებების უპრობლემოდ გატარება იყო, შესაძლებელია ეს იმისთვისაც გაკეთდა. ჩემთვის მაღალი ალბათობით ჩანს, რომ ეს არ იყო უბრალოდ აღშფოთებული ადამიანების ამბოხი, მაინც მგონია, რომ ეს სპექტაკლი იყო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, იმის მიხედვით მივხვდებით, ეს უფრო სპექტაკლი იყო, თუ უფრო რეალურად ის, რასაც ტელეეკრანზე ვაკვირდებოდით”, – განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები