ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) ვიზიტორებისათვის განცხადებას ავრცელებს
ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) ვიზიტორებისათვის განცხადებას ავრცელებს.
“გაცნობებთ, რომ ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმს, რომელიც განთავსებულია ქარვასლის ისტორიულ შენობაში, აქვს რამდენიმე შესასვლელი და, როგორც სახელმწიფო მუზეუმების უმრავლესობა, ფუნქციონირებს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ორშაბათის გარდა. სწორედ ამ საათებშია ღია სახელმწიფო მუზეუმის ცენტრალური შესასვლელი (ორშაბათის გარდა, როცა სახელმწიფო მუზეუმი დაკეტილია).
ამავე შენობაში, ნულოვან სართულზე განთავსებულია კერძო კომპანიის (მოიჯარის) მიერ მოწყობილი სუვენირების მაღაზიები და ღვინის მუზეუმი, რომელიც წარმოადგენს კერძო მუზეუმს.
მოცემული კერძო სტრუქტურების ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო მუზეუმის ცენტრალური შესასვლელით, როცა სახელმწიფო მუზეუმი ღიაა, ხოლო კვირის ყოველ დღეს, 10:00 – 21:00 საათებში, ასევე ისარგებლონ მუზეუმის შენობის გვერდითა შესასვლელით, ან ქუჩიდან კიდევ ერთი შესასვლელით, რომელიც მდებარეობს ზვიად გამსახურდიას სანაპირო N8 -ში.
აქვე გაცნობებთ, რომ ქარვასლის მუზეუმში შესვლა, ისევე როგორც ყველა მუზეუმში, ფასიანია.
იმედს ვიტოვებთ, სახელმწიფო მუზეუმის კერძო მოიჯარეები ვიზიტორებისადმი აღარ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს სახელმწიფო მუზეუმის სამუშაო საათების მიღმა, ქარვასლაში შესვლა შეუძლებელია”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.